ფაშინიანს რუსი სამშვდობოების იმედი აქვს და პუტინს ერთგულებას ეფიცება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. ფაშინიანმა პუტინს ერთგულების ფიცი დაუდო და დაარწმუნა, რომ მისი და რუსი სამშვიდობოების იმედი აქვს. „რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – ეს მაამებლური განცხადება ფაშინიანმა პუტინთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ტელეფონით ვსაუბრობთ. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან მდიდარია, დაწყებული ეკონომიკით, დასრულებული კულტურითა და განათლებით. რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, მხარეები მჭიდროდ თანამშრომლობენ „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“, ასევე დსთ-სა და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ფარგლებში“ – აცხადებს ფაშინიანი.

მისივე შეფასებით, რუსი სამშვიდობოები მშვიდობის მნიშვნელოვანი გარანტია.

„რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ მთიანი ყარაბაღის რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებას… მნიშვნელოვანია,  მოიძებნოს მექანიზმები რუსული სამშვიდობო კონტიგენტის ეფექტურობის გასაზრდელად. ჩვენი რეგიონის მთავარი საკითხი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაა“ – აცხადებს ფაშინიანი.

პუტინისთვის ფაშინიანის სიტყვები და ერთგულება საიმედო აღმოჩნდა და კეთილი სიტყვები არც მან დაიშურა.

„უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ყარაბაღთან დაკავშირებული, ასევე ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება. ბევრი პრობლემაა, გეთანხმებით. მე და თქვენ მუდმივად ვკონტაქტობთ, ყოველ ათ დღეში ერთხელ აუცილებლად ვსაუბრობთ ტელეფონზე და შეხვედრები რეგულარულია“, – უპასუხა მან სომხეთის პრემიერს.

 

მსგავსი თემები