საქართველოს აშშ-ს დელეგაცია ეწვევა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ქვეყანას კონგრესმენები და სენატორები ეწვევიან. კონგრესის დელეგაციის ვიზიტს უხელმძღვანელებს აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი.

„დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანს-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდ-19 პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, საელჩო ავრცელებს სენატორ კუნსის კომენტარსაც: „ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანს-ატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.

სენატორი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებას  და ახალი შესაძლებლობების ძიებას. გარდა ამისა, სენატორ კეისის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ტრანს-ატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

 

მსგავსი თემები