,,ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას’’- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ახალ ეკონომიკურ ინიციატივებსა და მათი განხორციელების გზებზე ისაუბრა.

„მე მინდა, სამინისტროების მიხედვით ჩამოვთვალო ის დიდი, მასშტაბური პროექტები, რომლებსაც დავაფინანსებთ. სამუშაოების დაწყება ჩვენ გვინდა წელსვე და სამიდან ოთხ წლამდე, დაახლოებით 3 წელში გვინდა, რომ ყველა სამუშაო, რომელსაც ჩამოვთვლი იყოს დასრულებული. დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით, 2.5, შეიძლება 3 მლრდ ლარიც იყოს. ამ ეტაპზე ჩვენ 2 მლრდ ლარით დავიწყებთ, 2 მლრდ-ის სამუშაოები, პროექტები იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და მინდა, რამდენიმე პროექტი გაგაცნოთ. პროგრამის განხორციელებით დასაქმდება 20 000 ადამიანი, 20 000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება“ – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მათ უნივერსალური გადაწყვეტილება გააჩნიათ.

„ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, რომ მოიზიდონ ჩვენი გარანტიით, გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ერთის მხრივ, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ და მეორეს მხრივ, ეკონომიკას დაეხმარება ეს ყველაფერი. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, როგორც აღვნიშნე. მთავრობა საკუთარ პროექტებს განახორციელებს ვადაზე ადრე,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება, მათ შორის, აშენდება 80 ახალი სკოლა, აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412.

 

მსგავსი თემები