„ეს ხდება 21-ე საუკუნეში და ეს აგრესია არის არაადამიანური“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქართველ დეპუტატებთან ერთად, საკუთარი თვალით ნახა ოკუპანტების მიერ სასაფლაოდ ქცეული ირპენი და ბუჩა.

შალვა პაპუაშვილმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეს ყველაფერი გავლილი აქვს.

„მე აქ ვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ხალხის მიმართ. რასაც ვხედავთ ირპენში და რაც ვნახეთ ბუჩაში, გვაჩვენებს აგრესიას, რომელსაც არ აქვს საზღვრები, ეს ხდება 21-ე საუკუნეში და ეს აგრესია არის არაადამიანური, ეს რა თქმა უნდა, გვახსენებს იმ კადრებსა და იმ შეგრძნებებს, რომელიც 2008 წელს საქართველოში კერძოდ, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ხდებოდა.

ქართველები ის ხალხია, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის, რას გრძნობენ უკრაინელები, უკრაინის მთავრობა და რა მამაცია უკრაინელი ხალხი, მთავრობა, რომელიც ასეთ აგრესიას წინ აღუდგა. პასუხი ამ აგრესიასა და სისასტიკეზე უნდა იყოს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ კანონისმიერი, შესაბამისად, საქართველომ საერთაშორისო სისხლის სამათლის სასამართლოში მხარი დაუჭირა აპლიკაციას.

ჩვენ ვხედავთ ირპენშიც და ბუჩაშიც, რომ საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან მუშაობენ, რათა ყველა ფაქტი კარგად იყოს დოკუმენტირებული ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოსთვის, მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო დოკუმენტი კანონით შესაბამისი პროცედურებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ხალხის, ჯარისკაცების, ხელისუფლების და პირადად ჩემი კოლეგის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები