პურის ფასი შესაძლოა, 1.50 ლარით განისაზღვროს 

ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ზოგიერთი დასახელების პურის ფასი გაიზარდა, ფასნამატი დაახლოებით 10 თეთრს შეადგენს. არსებობს რეალური მოლოდინი იმისა, რომ პურის ფასი კიდევ გაიზრდება და 1.50 ლარი გახდება. თუმცა, ეს დამოკიდებულია შემოტანილი ფქვილის ფასზე.

პურის ფასის ცვლილება რამოდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, რაზეც „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ დეტალურად ისაუბრა.

მალხაზ დოლიძის განმარტებით, საქართველოში წარმოებული ხორბალი არსებული ბაზრის მხოლოდ 10-15 % აკმაყოფილებს, დარჩენილი მარაგის შევსება კი იმპორტირებული პროდუქტით ხდება.

„ძალიან ბევრი მეწარმე რუსეთიდან შემოტანილ ხორბალზე იყო დამოკიდებული. მარტის ბოლოს 50 კილოგრამიანი პურის ფქვილის ტომარა 65-70 ლარი ღირდა, საბაჟოს გახსნის  შემდეგ კი 75 ლარი გახდა. ადგილობრივი წარმოების კი – 80 ლარი. მარაგი არის თუმცა, არის მაღალფასიანი ფქვილის მარაგი. ზუსტად, რომ გითხრათ 10 ან 15 რიცხვიდან ველოდებით ფასნამატს, არა, თუმცა, მაისის შემდეგ, ფასები გადაიხედება. მე არ ვიცი ნედლეული რა ფასად შემოვა“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

კითხვაზე, იგეგმება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და სუბსიდირება, დოლიძემ განმარტა, რომ ამ თემაზე საუბარი იყო.

„იყო სუბსიდირებაზეც საუბარი. ალბათ, სახელმწიფო ფიქრობს, რომ სოციალურად დაუცველებისთვის რაღაც ნიშა დაწესდება, რომ ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. თუ 1.50 გასცდა მასური პროდუქცია, ამ შემთხვევაში, შეიძლება, სოციალური დახმარების გაწევა. დღეს წარმოებაში პურის გასაცემი ფასი არის 0.95 – 1.05 ლარი, თუმცა მას მაღაზიებში აქვს ფასნამატი და ასე იყიდება პროდუქცია. ერთ-ერთი მთავარი არის საწვავის ფაქტორი“ – განაცხადა დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები