„140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება იქნა შესაძლებელი“ – მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში,  სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობისა და სახელმწიფო პროგრამების  შესრულების ანგარიში წარადგინა.

მინისტრის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით,   რომელიც პრემიერის ინიციატივით 2021 წელს დაიწყო,  140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება იქნა შესაძლებელი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2,327 ბენეფიციარმა თანადაფინანსებით მიიღო  სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს  თანადაფინანსებამ 45,6მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, 132-მა კომპანიამ მიიღო სახელმწიფო თანადაფინანსება, მათ შორის 52 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია.   ტექნიკური  დახმარების პროგრამა მოიცავს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის, პროდუქციის ბრენდირებისა და შეფუთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურების, პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებასა და  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას.

მსგავსი თემები