ერგნეთში მოლაპარაკება დაიწყო

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ  დაკავებული საქართველოს მოქალაქეები  და „ბორდერიზაცია“,  ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ამ წუთებში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე მხარეები ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას განიხილავენ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ერთ-ერთი დაკავებულის, მამუკა ჩხიკვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარე კვირას არის ჩანიშნული.

„მამუკა ჩხიკვაძის ე.წ სასამართლო ჩანიშნულია მიმდინარე კვირაში . დაფიქსირდა „ბორდერიზაციის“ 1 შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში. მოგეხსენებათ, როგორც ყოველთვის, აქტიური კერა აქ გახლავთ. რაც შეეხება წვრთნებს , რომელიც მიმდინარეობს პერმანენტულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აღნიშნული საკითხი, ყოველთვის დგას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღის წესრიგში, ვინაიდან ეს გახლავთ უკანონო აქტი“ – განცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოს რვა მოქალაქე  დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში რჩება.

მსგავსი თემები