„ქართული ოცნება“ მზად არის, საპარლამენტო დელეგაცია ბუჩაში ჩავიდეს

მმართველი გუნდის წარმომადგენლები უკრაინული მხარის მიწვევას იღებენ და განადგურებულ ბუჩაში ჩასვლას გეგმავენ, სადაც საკუთარი თვალით გაეცნობიან არსებულ სისასტიკეს.

როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა,  იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე იმ კითხვებზე პასუხს მიიღებს, რაც უკრაინის მთავრობასთან აქვს, მაშინ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით წავა.

„საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება და პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი, ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია რამდენიმე ადამიანი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით სამძიმარი.  დღემდე არ მიგვიღია პასუხი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისგან – რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ, თითქოს საქართველო ამ სიტუაციაში რძესთან და ყველთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა ოკუპანტ ქვეყანასთან, რატომ დაგვაბრალეს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია, რატომ გაიწვიეს ელჩი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა, დღეს ვნახეთ ახალი ამბავი, რომ უკრაინის ფოსტის გავლით საქართველოს მიერ გაწეული დახმარება არავის გაუწევია უკრაინისთვის“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, სწორედ ამ კითხვებზე პასუხზეა დამოკიდებული უკრაინაში ვიზიტი. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მიწვევა თავად რადას თავმჯდომარემ გაუგზავნა.

 

მსგავსი თემები