პრემიერს იმედი აქვს, იმპორტიორები საწვავზე ფასების კორექტირებას მოახდენენ

„მსოფლიო ბაზარზე 95 დოლარზეა ჩამოსული ნავთობის ფასი, ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში, ამიტომ, ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავზე ფასებიც შემცირდება საქართველოში და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება.

„ვითარება დასტაბილურებულია, დავიჭირეთ სიტუაცია, მაქსიმალურად კონტროლდება, არავითარი პრობლემა არ არის, შემოდინებები გრძელდება, ტურიზმი ძალიან იზრდება, ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ზოგადად, ეკონომიკაში გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები. ბოლო ინფორმაციით, ნავთობის ფასები, მსოფლიო ბაზარზე შედარებით შემცირებულია, 95 დოლარზეა ჩამოსული და ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში. ვიცი, რომ დაიწყეს სხვა ჯგუფებმა შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანაც. ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში გავაკეთეთ, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი თემები