„იცვლებოდა მტერთა სახელები, გეოგრაფია, შეუცვლელი მხოლოდ ქართველის მებრძოლი სული და სამშობლოსთვის თავგანწირვა იყო“ – კობა კობალაძე

“ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო, ერთი გვაქვს საბრძოლი, ერთი გვაქვს მიზანი! ჩვენ ვერ ვიქნებით ერთმანეთის მტრები, რადგან ამის უფლება არ გვაქვს!”  – აცხადებს გენერალ-მაიორი კობა კობალაძე 9 აპრილთან დაკავშირებით.

„დღეს 9 აპრილია – ჩვენი სამშობლოს ისტორიის კიდევ ერთი ტკივილიანი, მაგრამ სიამაყით სავსე, დიდების დღე! 33 წლის წინ, საბჭოთა სამხედრო მანქანამ თავისი ჩვეული დაუნდობლობით გადათელა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის შემართული ქართველები, რომელთა ერთადერთი იარაღი, საქართველოს უპირობო სიყვარული და მისთვის თავგანწირვა იყო! საბჭოთა იმპერიამ ქართველებს არ აპატია თავისუფლებისკენ სწრაფვა და ორლესული ნიჩბებით უმოწყალოდ აჩეხა, დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლა ჩვენი თანამემამულეები, რომელთა შორის, ყველაზე უმცროსი, მხოლოდ 15 წლის იყო! კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი იმ 21 გმირის ხსოვნის წინაშე, რომელთაც 33 წლის წინ, 9 აპრილს, დასაბამი მისცეს 2 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებას და ერის ისტორიაში, გმირების სახელები დაიმკვიდრეს!

დღეს კიდევ ერთხელ მახსენდება დამოუკიდებელი საქართველოს გენერლის, გიორგი კვინიტაძის დაუვიწყარი სიტყვები, რომლებიც თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენი ქვეყნის, ერის ისტორიის განმსაზღვრელად:’’ არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა!’’ ასე გვკლავდნენ საუკუნეებიის განმავლობაში ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანი იმპერიები, ასე ცდილობდნენ ჩვენს აღგვას მიწისაგან პირისა, თუმცა, ჩვენი გმირი წინაპრების თავგანწირვის, შეუპოვრობის წყალობით, დღემდე მოვედით და დღესაც თავისუფლებისათვის ვიბრძვით. ეს წმიდათაწმინდა ბრძოლა არასოდეს შეწყვეტილა და შადიმანებთან, ვიწრო, პიროვნული ამბიციებით შეპყრობილ, სამშობლოს მოღალატეებთან ერთად, ჩვენს ქვეყანას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის თავგანწირული გმირები ჰყავდა, რომელთა შეუპოვარ ბრძოლაზე გადიოდა ჩვენი სამშობლოს არსებობა.

იცვლებოდა მტერთა სახელები, გეოგრაფია, შეუცვლელი მხოლოდ ქართველის მებრძოლი სული და სამშობლოსთვის თავგანწირვა იყო! ამ თავგანწირვით ვიბრძოდით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

მქონდა ბედნიერება, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი თანამემამულეების არნახული გმირობის უამრავი მაგალითი მენახა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, კოდორის ხეობასა თუ ახალგორის რეგიონში. ქართველი არავის გამოწვდილ ხელს არ დალოდებია_ მან თავისი მიწისთვის, ცისთვის, ოჯახისთვის, ქვეყნისთვის, უთანასწორო ომებში იბრძოლა და რომ არა ჩრდილოელი მეზობლის ჩვეული მზაკვრობა, ყოველგვარი შეთანხმებისა და ხელშეკრულების უგულებელყოფა, ვინ იცის, იქნებ, დღეს, არ გვქონოდა ენგურს გაღმა და გამოღმა საქართველო და რუსული საოკუპაციო რეჟიმის მავთულხლართები დედაქალაქიდან 20 კილომეტრში!

ქართველმა, ისე, როგორც არავინ, იცის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი, სწორედ ამიტომაა, რომ ყველაზე მეტად ის აფასებს და გულში იკრავს თავისი ერის თავისუფლებისათვის მებრძოლს, ეროვნებისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად. დღეს, ერსა თუ ბერში, ძნელად თუ მოიძებნება ქართველი, ვინც სულით ხორცამდე არაა შეძრული ოკუპანტის იმ სისასტიკით, რომელიც ჩვენს მოძმე უკრაინაში ხდება. ეს, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს უდიდეს პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინაშე – გონიერებით, რკინისებური ნებისყოფით, ზედმეტი, არაფრის მომცემი ისტერიის გარეშე, მყარი ნაბიჯებით ვიაროთ წინ  ერთმანეთისაკენ! ჩვენ, ერთად ყოფნის გარდა, სხვა გზა არ გვაქვს;  ერთმანეთისთვის დაუფიქრებლად, უსაგნო ემოციებით მოქნეული ხელი, ისევ ჩვენს სამშობლოს ხვდება, რაც ისევ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დაქსაქსვას გაუადვილებს! დღეს, კიდევ ერთხელ მინდა, ბრძოლის ველზე დაცემული ჩვენი თანამებრძოლების ხსოვნის წინაშე ქედი მოვიხარო, იმის მიუხედავად, სად და როდის შეუერთდა მათი სულები გმირთა სავანეს.  კიდევ ერთხელ მინდა, პატივით მოვიხსენიო უკრაინის ერთიანობისთვის დაღუპული ჩვენი თანამებრძოლები, მეგობრები, რომლებიც, დამსახურებისამებრ, სამხედრო პატივით დაიკრძალნენ მშობლიურ მიწაზე, ხოლო იმ ჩვენს თანამემამულეთ, რომლებიც დღესაც აგრძელებენ მოძმე ერის მხარდამხარ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო…

კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი სამშობლოს ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის შეწირული ჩვენი თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე და ხმამაღლა, მაგრამ დიდი მოკრძალებით მინდა, ვუთხრა მათ: მადლობა თავისუფლებისათვის! ღმერთი ფარავდეს ჩვენს ერს და სამშობლოს“ – წერს კობა კობალაძე.

 

მსგავსი თემები