33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი დღე 33 წელია ყველას კარგად ახსოვს. 9 აპრილის გმირებს დღეს ისევ იხსენებენ, ისევ გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ 9 აპრილის მემორიალს და ისევ ინთება სანთლები. ეს დღე ყველასთვის მძიმეა. განსაკუთრებით კი იმ 20 ოჯახისთვის, ვინც 9 აპრილს შეეწირა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

7 აპრილს, საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა. იმავე დღეს, პერმიდან და ვორონეჟიდან თბილისში შემოვიდნენ საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები. 8 აპრილს, აშშ-ს საიდუმლო სამსახურების სახელზე გაგზავნილ დაშიფრულ ცნობაში წერია, რომ საქართველოში არსებობს ეთნიკური კონფლიქტის საფრთხე. დოკუმენტში პარალელია გავლებული მთიანი ყარაბაღის გარშემო დაწყებულ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან.

9 აპრილს, 11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ 22 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი. სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი.

9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამვლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა.

ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას.

 

მსგავსი თემები