ჯართის შეგროვება, მესაქონლეობა, სატვირთო მანქანის დაცლა – ბავშვთა მძიმე შრომა საქართველოში

„სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების, სეზონური შრომის და შრომითი მიგრაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას. შინა მეურნეობებში, სეზონურ სამუშაოებში არასრულწლოვნების ჩართვა ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში, რომლის მოსმენა პარლამენტში მომავალ კვირას გაიმართება.

როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, ბავშვებს, თავის გადასარჩენად მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ.

„სიღარიბეს რომ თავი დააღწიონ, ბავშვებს ისეთი მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ, როგორიცაა ჯართის შეგროვება,  სატვირთო მანქანებზე მუშაობა, მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული სამუშაოები. კვლავ პრობლემურია, შრომით საქმიანობაში ჩართვის საფუძველზე, საგანმანათლებლო პროცესიდან დროებითი გამოთიშვის შემთხვევები, რაც ყოველთვის არ აღირიცხება და რეაგირების მიღმა რჩება. ამასთანავე, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან ჩართული მობილური ჯგუფების რაოდენობა არ შეესაბამება ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ საჭიროებას“ – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

რაც შეეხება ბავშვთა არაადამიანური შრომის სტატისტიკას, აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტი ციფრები არც არსებობს. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, 2021 წელს  18 შემთხვევა დააფიქსირეს.

„საანგარიშო პერიოდში, 2021 წელს, დეკემბრამდე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში 18 მიმართვა გაკეთდა ბავშვთა შესაძლო შრომის/შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევაზე. შრომის ინსპექციის სამსახურმა 139 ობიექტს ჩაუტარა ინსპექტირება, რის შედეგადაც, ერთგან არასრულწლოვნის საქართველოს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანულ კანონთან შეუსაბამო შრომა გამოვლინდა“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

მსგავსი თემები