უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეზე ევროკავშირმა დეკლარაცია მიიღო

ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკესთან დაკავშირებით, საქართველოც მიუერთდა. დეკლარაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გაავრცელა.

„სამხედრო დანაშაულისა და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენი პირები, ისევე როგორც პასუხისმგებელი სახელმწიფო და სამხედრო მაღალჩინოსნები, პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის ყველა ზომას.

სრულად ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორების მიერ წამოწყებულ გამოძიებას სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ, ისევე როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის კომისიის მოკვლევას. ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებების მოგროვებასა და დაცვაში.

სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მთელი მსოფლიოსთვის ამ მძიმე წუთებში. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და სასწრაფოდ განაგრძობს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე. პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.

დეკლარაციას ასევე უერთდებიან:  უკრაინა, მოლდოვა; კანდიდატი წევრები:  ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ქვეყანა და პოტენციური კანდიდატი ბოსნია და ჰერცეგოვინა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები.

 

მსგავსი თემები