144 მოწყვლადი მოზარდი დამოუკიდებელ ცხოვრებას მომზადებული შეხვდება

თავდაჯერებულობა, მიზანი, საკუთარი საქმე, საკუთარი შემოსავალი, დამოუკიდებლობა – ეს იმ სარგელის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სოციალურ საწარმოებში ჩართული ბენეფიციარები იღებენ. როგორც შედეგებიდან ჩანს, პროექტი, რომელიც „მოზარდების საზოგადოების დამოუკიდებელ წევრებად ჩამოყალიბებას“ ეხება, შედგა და ამ ეტაპისთვის სარგებელ 144-მა მოზარდმა მიიღო.

„მედიაცენტრი მთავარი“ იმ მცირე ისტორიებს გაგაცნობთ, რომელიც მოწყვლადი მოზარდებისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცლებელია.

თამარი თელავში ცხოვრობს. პროექტში ჩართვის დროს ის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა. ახლა კი 19 წლისა და უკვე სოციალურ საწარმოშიც მუშაობს. თამარის მოვალეობა „კლიენტების“ მიერ მიღებული შეკვეთების შეფუთვა და ადგილზე გასატანად მომზადებაა, ვინაიდან სოციალური საწარმო სწორედ საკვების ადგილზე მიტანის სერვისით ემსახურება თელავის მაცხოვრებლებს.

„აქ ყველაფერში ვეხმარები რაც შემიძლია. თანამშრომლებისაგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ, ოჯახური გარემო გვაქვს, მიხარია დილით სამსახურში მოსვლა. ვგრძნობ, გარშემომყოფები მაფასებენ“, – ამბობს ის.

თამარი ერთ-ერთია 36 მოზარდს შორის, რომელიც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში დასაქმდა. შდეგად კი ის მომავალ ცხოვრებას დამოუკიდებელი და მომზადებული შეხვდება. ცენტრი „აფხაზეთი“ 28 თვის მანძილზე ახორციელებდა ევროკავშირის მიერ ინიცირებულ და მხარდაჭერილ პროექტს „მოზარდების საზოგადოების დამოუკიდებელ წევრებად ჩამოყალიბება“.

პროექტის ბენეფიციარები იყვნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდები. პროექტის სხვადასხვა აქტივობებში ჩართული იყო 144 მოწყვლადი მოზარდი, რომლებმაც მიიღეს სხვადასხვა სახის სარგებელი, რაც მომავალში, 18 წლის შესრულების შემდეგ, გაუადვილებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას. კერძოდ – 116 მოზარდი დამოუკიდებელი და თავდაჯერებული, ხოლო 99 სოციალური უნარებით გაძლიერებული შეხვდება სრულწლოვან ასაკს. პროექტის ფარგლებში დაფუძნებული 6 სოციალური საწარმო კი მომავალშიც გააგრძელებს მოზარდების გადამზადება-დასაქმების პროგრამას.

თეა კაჭარავა, პროექტის მენეჯერი: „ამ ტიპის პროექტებში რაოდენობრივ შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი თვისობრივი შედეგი გახლავთ. აქ საქმე ეხება ბავშვის ბედს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია წარვმართოთ უკეთოსობისკენ ან უარესობისკენ. ჩვენი პროექტის შედეგად, მასში ჩართული მოზარდების უმეტესობა უფრო ძლიერი შეხვდება სრულწლოვან ასაკს. დღეს ისინი არიან თავდაჯერებულნი, გახსნილნი, აქვთ საკუთარი ძალების და რესურსების რწმენა. ამ მიღწევის ციფრებში გამოსახვა შეუძლებელია, პროექტში მიღებული გამოცდილება მოზარდებისათვის არის უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე“.

პროექტის მიზანი გახლდათ სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში ჩართული მოზარდების გაძლიერება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ამ მიზნის მიღწევა ხდებოდა ტრენინგების, სტაჟირების და დასაქმების გზით. პროეტის განხორციელების არეალი გახლდათ კახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და ქ. თბილისი.

„სახელმწიფოს ჩვენთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბევრი აქვს სამუშაო და გასაკეთებელი, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები სხვა მოზარდებმაც გაიზიარონ. ჩვენ 2 წელზე მეტი ვიმუშავეთ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ მოზარდებთან და მნიშვნელოვანი შედეგები დავდეთ – მოზარდი, რომელსაც არ ჰქონდა სოციალური უნარები, რომელმაც არ იცოდა რისი კეთება სურდა ან თუნდაც რა გამოსდიოდა კარგად და მისი დასაქმების შანსი იყო მინიმალური ‒ დღეს ეს მოზარდი არის დასაქმებული; აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი; სწავლობს ხელფასის განკარგვას საკუთარი საჭიროებების მიხედვით; ჰყავს სამეგობრო წრე დამსაქმებლის და მისი თანამშრომლების სახით; სწავლობს ურთიერთობებს; უშვებს შეცდომებს მუშაობის პროცესში და სწავლობს როგორ მიიღოს შენიშვნები და გამოასწოროს თავისი ქცევა; არჩევს ერთმანეთისაგან „ცუდს“ და „კარგს“; ყოველდღიურად ესმის სხვადასხვა ოჯახებში არსებული ვითარებები ‒ ოჯახის წევრთა თანადგომა და ამ ყველაფრისგან აგებს საკუთარი ოჯახის მოდელს“, – განუცხადა თეა კაჭარავამ „მედიაცენტრ მთავარს“.

სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ამ სფეროში არსებულ პრობლემათა შორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასაქმება და განათლების მიღება რჩება. სრულწლოვანი ასაკის მიღწევის შემდეგ სწავლას და სამუშაო ადგილების მოძიებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.

Eka Gulua

მსგავსი თემები