დააკავეს ექთანი, რომელმაც 150 ლარის სანაცვლოს ყალბი „კოვიდ პასპორტი“ გასცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია სამედიცინო დაწესებულების ექთანი და კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომლებმაც  150 ლარის სანაცვლოდ ვაქცინაციის  ყალბი ბარათი დაუმზადეს და არავაქცინირებული პირი ვაქცინირებულთა ბაზაშიც დაარეგისტრირეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, რომელიც თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ახდენდა მოქალაქეთა კოვიდ-ვაქცინაციას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა COVID-19 აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აცრილ იქნა Pfizer-ის ვაქცინით.

ამავდროულად, ბრალდებულებმა, აღნიშნული ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი“ – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მსგავსი თემები