ბავშვთა მიმართ ძალადობა საერთო საქმისწარმოების 34,5%-ია

„ქვეყანაში უცვლელად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, დროული გამოვლენის, შემთხვევაზე კოორდინირებული და ეფექტიანი რეაგირების გამოწვევები, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ბავშვთა ძალადობას ეხება.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები 35%-მდეა.

„სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებს შორის კვლავ ჭარბობდა ბავშვთა მიმართ ძალადობის საქმეები, რომელმაც საერთო საქმისწარმოების 34,5% შეადგინა. დისტანციური სწავლებისა და სააღმზრდელო დაწესებულებების პერიოდული დახურვის პირობებში, ზიანი მიადგა ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამაზე მიუთითებს გაორმაგებული მიმართვიანობაც მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში, რომელიც 2020 წელს სულ 928 იყო, ხოლო, 2021 წელს, ჯამში, 1860- ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მიმართვიანობის ძირითადი საფუძვლები იყო ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან (1,479 შემთხვევა), ქცევით სირთულეებთან (1,101 შემთხვევა) და აკადემიურ გამოწვევებთან (524 შემთხვევა) დაკავშირებული გარემოებები, ასევე, ბავშვის მიმართ ძალადობა (315 შემთხვევა). გართულდა ბავშვთა მდგომარეობის შეფასებაც, მათ მიმართ უგულებელყოფის, შრომითი ექსპლოატაციის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან ძალადობის სხვა ფორმების დროული გამოვლენა. ამას ემატება უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედების პრობლემა, რაც ასევე მიუთითებს ბავშვთა დაცვის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტიანობაზე“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

მსგავსი თემები