უკრაინაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება“ – ევროკავშირი

​ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ოკუპანტების მიერ მოწყობილ სასაკლაოს ევროკავშირი აფასებს. „მსხვერპლის შემზარავი სურათები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს რუსეთის მიერ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ბრუტალური ომის რეალურ სახეს“ – აცხადებენ ევროკავშირში.

ევროკავშირი უკრაინის ტრაგედიას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს და ყველანაირად მზად არის, უკრაინის გენერალურ პროკურორს მტკიცებულებების შეგროვებაში დაეხმაროს.

„ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება. რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩადენილია მაშინ, როცა მათ ჰქონდათ ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე. ისინი ოკუპაციის საერთაშორისო კანონს ექვემდებარებიან. ომის დანაშაულისა და სხვა სერიოზული ძალადობრივი ფაქტების ჩამდენნი, ასევე რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სამხედრო ლიდერები მომხდარზე პასუხს აგებენ.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პროკურორის მიერ დაწყებულ გამოძიებას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის ადამიანის უფლებათა ოფისის საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ორიენტირებულია ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და შენახვაში. პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, – ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები