„პუტინის მისამართით სიტყვა ჯალათს არ გამოვიყენებდი“, – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, ყველას მთავარი ამოცანაა ომის შეჩერება. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ერ მოხდეს ვითარების გამწვავება.

„უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს. მე ასეთ ლექსიკას არ გამოვიყენებდი, რადგან მე ჯერ კიდევ ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს. ჩვენ გვინდა შევაჩეროთ ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო, თუმცა შევაჩეროთ ისე, რომ ამ ომში არ ჩავერთოთ და არ მოვახდინოთ ესკალაცია. ეს არის ჩვენი ამოცანა“ – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მაკრონის  შეფასებით, მისი მთავარი ამოცანაა, დაიცვას ფრანგები საკუთარ მიწაზე.

„ჩემი ვალდებულებაა, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის, დავიცვა ფრანგები ომისგან ჩვენს მიწაზე. დავუწესოთ სანქციები რუსეთს, რომ ის შეჩერდეს. ასევე, დავეხმაროთ უკრაინას, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთს. მივიღოთ ლტოლვილები და დიპლომატიური გზით მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას“ – აღნიშნავს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში მყოფმა ჯო ბაიდენმა პუტინს ჯალათი და ყასაბი უწოდა.

 

მსგავსი თემები