დამატებით ერთი მილიარდი ევრო უკრაინელ ჯარისკაცებს

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებასა და მათ გამძლეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთს ევროპის ბაზარზე ყველანაირი წვდომა უნდა შეეზღუდოს.

„შეთანხმდა ევროკავშირში დამატებით ერთი მილიარდი ევროს დახმარება მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის. უკრაინის დახმარება ასევე ნიშნავს იმ რესურსების ამოწურვას, რომელსაც პუტინი იყენებს საშინელი ომის დასაფინანსებლად. რუსეთს შევუზღუდეთ წვდომა ჩვენს ბაზარზე, რადგან რუსეთმა არ უნდა ისარგებლოს იმავე წესებზე დაფუძნებული წესრიგისგან, რომელსაც თავად მასშტაბურად არღვევს. ჩვენ ვაჩერებთ ევროპულ ინვესტიციებს რუსეთის ენერგოსექტორში, რადგან არ უნდა გავაძლიეროთ ენერგოდამოკიდებულება, რომელიც გვსურს, რომ უკან მოვიტოვოთ. ჩვენი კონტინენტი შეირყა ტექტონიკური ცვლილებებით, რომელიც არ ყოფილა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში.

მისივე თქმით, ენერგოუსაფრთხოება და საკვების უსაფრთხოებაც სასწორზეა.

„მე არ ვსაუბრობ მხოლოდ უსაფრთხოებისა და სამხედრო კუთხით, ასევე ენერგოპოლიტიკა ასევე არის უსაფრთხოების პოლიტიკა. სწორედ ამიტომ, ევროკომისიამ წარადგინა ზომები, რომელიც საშულებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად შევამციროთ გაზის იმპორტი რუსეთიდან. ეს ძალიან ამბიციურია, მაგრამ შეგვიძლია ამის გაკეთება.  ხვალ ვისაუბრებ პრეზიდენტ ბაიდენთან, თუ როგორ შეგვიძლია, პრიორიტეტი მივანიჭოთ ენერგიის მიღებას აშშ-სგან ევროკავშირში მომდევნო თვეებში. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, როდესაც ვიყენებთ ჩვენი საერთო ბაზრის ძალას და ვიჩენთ სოლიდარობას“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები