„უნდა მივაწოდოთ უკრაინას აღჭურვილობა, რომელიც დაიცავს ქიმიური იარაღის ზემოქმედებისგან“ – ნატო პუტინს აფრთხილებს

ნატოს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. როგორც ეინს სტოლტენბერგი აცხადებს, ეს არის დანაშაული მთელი მსოფლიოს წინაშე.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე, ესაა უპასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე. ბირთვული ომი ამ კონფლიქტის სტრუქტურას სრულიად შეცვლის. ჩვენ და ასევე გაეროც ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან იქნას არიდებული ბირთვული ომი. ხვალ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, მათ შორის ქიმიური და ბიოლოგიური თავდასხმის პრევენციას. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას აღჭურვილობა, რომელიც მათ დაიცავს ქიმიური იარაღის ზემოქმედებისგან“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა

მისივე შეფასებით, რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს, როცა ამბობს, რომ ნატო უკრაინას ქიმიური იარაღით ეხმარება.

„როცა რუსეთი გვაბრალებს, რომ ნატო ხელს უწყობს უკრაინას ქიმიური იარაღის წარმოებაში, ესაა სრული სიცრუე.  რუსეთმა აქამდე გამოიყენა ქიმიური იარაღი სოლსბერიში და სირიაში. აღსანიშნავია, რომ თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ბიოლოგიური აგენტის გავრცელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას თავად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობასაც“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

 

მსგავსი თემები