„ეს ძალიან დიდი უბედურება იქნება“ – შესაძლოა, ბელარუსმა აფხაზეთი აღიაროს

კრემლი აქტიურად მუშაობს, რომ ბელარუსმა ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს. როგორც „მედიაცენტრი მთავარისთვის“ გახდა ცნობილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიმართულებით კრემლი გააქტიურებულია.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გვიდასტურებს. როგორ მან „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც აფხაზეთში 12 მარტს ჩატარდა, ბელორუსის პარლამენტის წარმომადგენელიც კი იყო დამკვირვებლად ჩასული.

„ე.წ. არჩევნებზე დამკვირვებლები იყვნენ რუსეთიდან, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, იყო „საზოგადოებრივი პალატა“, წარმომადგენლები დნესტრისპირეთიდან,  ლუგანსკიდან,  სამხრეთ ოსეთიდან და ასე შემდეგ. თუმცა, აფხაზეთში პირველად გამოჩნდა „რუსეთისა და ბელორუსიის კავშირის საპარლამენტო კრება.“  ამ კრებიდან აფხაზეთში იმყოფებოდა კრების პასუხისმგებელი მდივანი, ბელორუსი სერგეი სტრელჩენკო, რომელიც პარლამენტის წევრია და ასევე იყო დუმის დეპუტატი. ისინი ბჟანიასთან შეხვედრაზე ამტკიცებდნენ რომ მიმდინარეობს მუშაობა, რომ ბელარუსმა აღიაროს აფხაზეთი და სხვა  რეგიონები“ – განაცხადა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისი შეფასებით  თუ მსგავსი რამ მოხდა, ეს დიდი უბედურება იქნება და საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უნდა იმუშაოს.

„ეს არ არის უბრალო თემა.  ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს და როგორც არ უნდა „გვიყვარდეს“ ლუკაშენკო, თავი უმდა დავანებოთ ბელარუსში არსებულ პრობლემებს, შიდა პრობლემები ეს მათი პრობლემებია. ძალიან მნიშვნელოვანია, ბელარუსთან მოხერხდეს ურთიერთობის ისე დალაგება, რომ ეს უბედურება არ შედგეს. ეს იქნება ნამდვილი უბედურება. პოსტ საბჭოთა სივრცეში არც ერთმა  რესპუბლიკამ არ აღიარა აფხაზეთი და ეს რომ ახლა მოხდეს, ეს იქნება საშიში პრეცენდენტი, არადა მიდის მუშაობა“ – გვითხრა გამახარიამ.

მას იმედი აქვს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა გაიმარჯვებს და ეს ყველაფერს გადაწყვეტს.

„ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. გაიმარჯვებს უკრაინა – ლუკაშენკო ვერ გაბედავს ოკუპირებული რეგიონები აღიაროს. თუ სასწაული მოხდა და პუტინმა დანარჩენ მსოფლიოს აჯობა, არ ვიცი. რუსეთის დამარცხება გარდუვალია, დიდი იმედი მაქვს ეს ასე მოხდება“ – განუცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარს.“      

 

 

 

 

მსგავსი თემები