„აირჩიეთ – სიცოცხლე და გადარჩენა, ან სიცოცხლის წართმევა“ – ზელენსკის შეთავაზება ოკუპანტის ჯარებს

„მართალია, თქვენ წაართმევთ სიცოცხლეს, თქვენ ძალიან ბევრნი ხართ. თუმცა, თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევენ“, – აცხადებს უკრაინის პრზიდენტი ვიდეომიმართვაში და რუს სამხედროებს დანებებას, გადარჩენას და ადამიანურად მოპყრობას სთავაზობს.

„მინდა, ვუთხრა რუს სამხედროებს, მათ, ვინც უკვე შემოვიდა ჩვენს მიწაზე –  რუსო წვევამდელებო, მისმინეთ განსაკუთრებით ყურადღებით. რუსო ოფიცრებო, თქვენ უკვე ყველაფერი გაიგეთ. უკრაინას თქვენ ვერაფერს წაართმევთ.  თქვენ წაართმევთ სიცოცხლეს. თქვენ ძალიან ბევრნი ხართ. თუმცა, თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევენ… ვიცი, რომ თქვენ გინდათ, გადარჩეთ. თქვენ საუბრებში მოვისმინეთ, რას ფიქრობთ სინამდვილეში ამ ომზე, ამ სირცხვილზე და საკუთარ სახელმწიფოზე. თქვენი საუბრები ერთმანეთთან, თქვენი ზარები სახლში ნათესავებთან – ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის. ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს და ვიცით, ვინ ხართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი ჯარისკაცებს არწმუნებს, რომ დანებების შემთხვევაში, მათ არავის შეეხება.

„გთავაზობთ არჩევანს. უკრაინელი ხალხის სახელით, გაძლევთ თქვენ გადარჩენის შესაძლებლობას. თუ ჩაბარდებით ჩვენს ძალებს, ჩვენ მოგეპყრობით ისე, როგორც საჭიროა ადამიანებთან მოპყრობა,  ღირსეულად. ისე, როგორც თქვენ თქვენს არმიაში არ გეპყრობოდნენ და როგორც თქვენი არმია ჩვენს არმიას არ ეპყრობა. აირჩიეთ“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები