„ნუ გიხარიათ, ოპოზიციაც სცოდავს, როცა ცდილობს საქართველო გააშავოს“  – სალომე ზურაბიშვილი  

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პარლამენტში სიტყვით გამოდის, ოპოზიციისა და ხელისუფლების ცოდვებზე ისაუბრა. ჩამოთვალა მთავრობის ცოდვები და ოპოზიციას ასე მიმართა: „ნუ გიხარიათ, ოპოზიციაც სცოდავს“.

„ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა;

ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა  უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად  განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები.

ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ – და მაშასადამე ქვეყანამ – შეცვალა პროდასავლური კურსი!  ეს ხომ ქვეყნის  და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას  არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!

ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“!

ოპოზიცია სცოდავს, როცა  რადიკალურ ზომებზე  აპელირებს და ამითი ცდილობს,  მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს  ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა“ – განცხადა პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

მსგავსი თემები