„ხელისუფლება სცოდავს“ – საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას საპარლამენტო ტრიბუნიდან აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც, დღეს ყველა სცოდავს. მისი განცხადებით,  უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს.

„ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია. ეს ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას. ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. მას გამართლება არ აქვს“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მისივე შეფასებით, სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს.

„ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა“ – განაცხადა პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

მსგავსი თემები