რუსული საოკუპაციო ჯარები უკრაინასთან ომში 1 500-მდე საზღვაო ქვეითის ჩართვას გეგმავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ჯარები უკრაინასთან ომში 1 500-მდე საზღვაო ქვეითის ჩართვას გეგმავს.

„დანაკარგების გამო, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ახალ დანაყოფებს აყალიბებენ. კერძოდ, მტრის სარდლობა გეგმავს მე-40 ცალკეული საზღვაო ბრიგადიდან 1 500-მდე ადამიანის ჩართვას“, – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამხედრო სამიზნეებად გამოყენებას.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დარღვევით, ოკუპანტები აგრძელებენ დანაყოფებისა და აღჭურვილობის განლაგებას მაღალი რისკის ობიექტებზე, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, უკრაინის შეიარაღებული ძალების უნიფორმაში გადაცმულები ახდენენ ადგილობრივი მცხოვრებლების პირადი ნივთების უკანონო შემოწმებასა და ჩხრეკას. მტრის ჯარების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ უარესდება. იზრდება დეზერტირობისა და ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევები“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაში.

გარდა ამისა, არსებული ცნობებით, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს დაშავებული დიდი რაოდენობით რუსი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. მათ არ აქვთ საკმარისი ოდენობის სისხლი ქირურგიული ოპერაციებისთვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გამოიყენება ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის დაგროვილი რეზერვები – ამ რეზერვების დაახლოებით 2/3 გადამისამართებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო პერსონალის საჭიროებებზე. გააქტიურდა სისხლის შეგროვების კამპანია საჯარო სექტორის მუშაკებსა და სამოქალაქო მოსახლეობას შორის.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, ღირსეულად პასუხობენ მტრის ჯარს, კერძოდ, წინა დღეს ჩამოაგდეს ორი ერთეული ვერტმფრენი, ორი ერთეული გამანადგურებელი და ორი ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია გენ-შტაბის ინფორმაციაში.

არსებული ცნობებით, რუსულმა ჯარებმა კრივოი როგზე წარუმატებელი შეტევა განახორციელეს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან. გარდა ამისა, უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის არმიის უშუალო ჩართვის ალბათობა დიდია.

მსგავსი თემები