“არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის” – ვოლოდიმირ ზელენსკი 

უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანეთის თემთა პალატაში სიტყვით გამოვიდა. მან პალატის წევრებს უკრაინიდან მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინა დანებებას არ აპირებს და უკრაინის საჰაერო სივრცე აუცილებლად უნდა დაიხუროს.

მან უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა ნაცისტებთან ბრძოლას შეადარა სანქციების არასაკმარის ეფექტზეც ისაუბრა.

„პირველ დღეს, ღამის ოთხ საათზე ფრთოსანი რაკეტებით დაგვესხნენ თავს. გაიღვიძა ყველამ, ხალხმა, ბავშვებმა, მთელმა უკრაინამ და მას შემდეგ არ გვიძინია. ყველა ჩვენგანი იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი არმიით. მეორე დღეს, ჩვენზე საჰაერო იერიშები მოიტანეს. ჩვენი გმირი ჯარისკაცები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, როდესაც რუსულმა ძალებმა დანებებისკენ მოუწოდეს, თუმცა ბრძოლა გაგრძელდა და ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძალები“ – აღნიშნა პრეზიდენტმა და ასე ჩამოთვალა ყველა დღე ომის დაწყებიდან დღემდე.

მან სამოქალაქო პირებისა და ბავშვების დაღუპვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს ეს სასტიკი ომი.

„მეთერთმეტე დღეს, ბავშვები, საავადმყოფოები და ქალაქები რაკეტებით დაიბომბა. ამ დღეს ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ უკრაინელები გმირები არიან. რუსეთის არმიამ კი 10 000-ზე მეტი დანაკარგი განიცადა. მათ შორის გენერალი, რამაც ჩვენ იმედი მოგვცა, რომ დადგება გარკვეული სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მე-13 დღეს მარიუპოლში დეჰიდრაციით დაიღუპა ბავშვი. ისინი ბლოკავენ საკვებს, წყალს და ხალხი პანიკაშია. ამ 13 დღის განმავლობაში 50-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. ბრიტანელებო, უკრაინას არ სურდა ეს ომი. ჩვენ ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას. ახლა დგას ჩვენი არსებობის საკითხი. ჩვენ  არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები