2 შენობა ჩამოინგრა, მეპატრონეებმა იცოდნენ, რომ ავარიული იყო, თუმცა არაფერი გააკეთეს – უნდა დადგეს თუ არა სს პასუხისმგებლობა?!

სამი დღეა, რაც სანზონაში, ერწოს ქუჩაზე ორი ავარიული შენობა ჩამოიშალა, ერთი დაინგრა, მეორე კი მცირედით ჩამოშალა. ნგრევის დროს პერიმეტრზე ადამიანები არ ყოფილან, წინააღმდეგ შეთხვევაში მსხვერპლი აუცილებლად იქნებოდა. რაც შეეხება შენობების მეპატრონეებს, ისინი ადგილზე არც მისულან და არც ის აწუხებთ, რომ შენობის დარჩენილმა ნაწილმა კიდევ შექმნას პრობლემა.

ჩამოშლილი შენობის ნანგრევებში მოყვა ძვირადღირებული მანქანა. შენობის ერთ-ერთი დირექტორი კი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეს მათი ბრალეულობა არ არის მომხდარს ქარს აბრალებს.

უფრო მეტის, შენობის მეპატრონეებმა იცოდნენ, რომ შენობა ავარიული იყო და ის უნდა დაშლილიყო, თუმცა არაფერი გააკეთეს. კიდევ ურო მეტიც, იურისტები სს დანაშაულზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, როცა იცი, რომ შესაძლოა უბედური შემთხვევა მოხდეს და მსხვერპლი იყოს და შენ არაფერს აკეთებ.

„მედიაცენტრი მთავარი“ უკვე მეორედ ესაუბრა სააქციო საზოგადოება „საქტელეფონმშენის“ დირექტორ ბიძინა ხარაშვილს, მან 2 დღის უკან გვითხრა, რომ მეორე დირექტორი მივიდოდა ადგილზე, რადგანაც თავად შეუძლოდ იყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შემთხვევის ადგილზე, მომხდარიდან მესამე დღესაც არავინ მისულა. მიუხედავად იმისა, რო შენობა კერძო საკუთრებაა და პერიმეტრის მოწესრიგება მათ კომპეტენციაში შედიოდა, არც ამისთვის შეუწუხებიათ თავი და მთელი ნანგრევები გზაზე იყო მოფანტული.

„მედიაცენტრი მთავარი“: ბატონო ბიძინა, რა ქენით ერწოს ქუჩასთან დაკავშირებით, მითხარით რომ მეორე დირექტორი მივიდოდა ადგილზე?

ბიძინა ხარაშვილი:  ქუთაისში დავრეკე, იქ არის ჩვენი ერთ-ერთი დირექტორი. დღეს თუ შევძელიო, ჩამოვალო. ჩამოვა და მიხედავს (არადა, ზუსტად ანალოგიური პასუხი გაგვცა 2 დღის უკან, რომ ის დღესვე ჩამოვიდოდა).

„მედიაცენტრი მთავარი:“  2 დღეა, შენობა ჩამოინგრა, დარჩენილი ნახევარი კონსტრუქცია ისევ  საფრთხეს ქმნის, შენობის ჩამოშლა ხომ ოპერატიულად უნდა მოგეხდინათ?

ბიძინა ხარაშვილი: გასაგებია. რაც საჭიროა… როცა ავად არის ადამიანი რას გააკეთებს. იქ პრობლემა არ იქნება, მერე მივხედავთ.

მედიაცენტრი მთავარი:“ ორივე შენობა ავარიული იყო არა?

ბიძინა ხარაშვილი: როგორ, მეორეც ჩამოინგრა?

„მედიაცენტრი მთავარი:“  არ იცოდით, რომ მეორედანაც ჩამოიშალა ნაწილები?

ბიძინა ხარაშვილი:  მეორე შენობას ქვევით წყალი აქვს. წყალკანალს მივწერეთ და გვითხრა ჩვენ ვერაფერს გიშველითო, იქ მიწისქვეშა წყლები გადის და ის აზიანებს ამ შენობას. ერთსაც და მეორესაც.

„მედიაცენტრი მთავარი:“ რომელიც მთლიანად ჩამოინგრა, ავარიული იყო არა?

ბიძინა ხარაშვილი: ეს ავარიულ არ იყო, დასაშლელი შენობა იყო და არ მისცეს უფლება რომ დაეშალათ აქციონერებმა. არადა, თუ აქციონერი  თანახმა არ არის, ვერ გააკეთებ. აქციონერებმა ერთი ამბავი დაიწიეს, რომ როგორ, შენობა რატომ უნდა დაიშალოსო. შენობა არის ავარიული, ამორტიზებული და უნდა დაიშალოს. არაფრით არ ქნეს, საჩივარს დაგიწერთ ამას გავაკეთებთ… არ მისცეს დაშლის უფლება.

„მედიაცენტრი მთავარი:“ თუ აქციონერებმა იცოდნენ რომ შენობა ავარიული იყო და დასაშლელი იყო, რატომ არ მიიღეთ ზომები, რატომ არ დადგით გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ მიახლოება საშიშია?

ბიძინა ხარაშვილი: ასეთი საშიშიც არ იყო, ბლოკით არ ყოფილა გაკეთებული, თხელი კედლები იყო და საშიში არ იყო რომ ვინმეს რამე დასცემოდა. თხელი კედლები იყო და დასაშლელი იყო მაგრამ… ხომ გეუბნებით არ მოგვცეს აქციონერებმა უფლება.

„მედიაცენტრი მთავარი:“ რას უპირებთ დაზარალებულს?

ბიძინა ხარაშვილი: ვინ დაზარალებულს?

„მედიაცენტრი მთავარი:“ ვისი მანქანაც დააზიანა ნანგრევებმა.

ბიძინა ხარაშვილი:  ჩვენ რა უნდა გავუკეთოთ… ეგ მოხდა. ჩვენი იმით ხომ არ მოხდა არა? ქარმა დაანგრია და დაუზიანა და ჩვენ რა უნდა გავუკეთოთ? მიმართოს სასამართლოს.

ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ, შენობის მეპატრონე კი პასუხისმგებლობას გაურბის

მსგავსი თემები