სოფო ხორგუანი პარლამენტში, სალომე ზურაბიშვილის სავარძლისთვის იბრძოლებს  

სამართალმცოდნე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ის კენჭს თბილისში, მთაწმინდის ოლქში, დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის.

როგორც სოფო ხორგუანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.

“2012 წლის შემდეგ პოლიტიკაში პირდაპირი მონაწილეობა არ მიმიღია. 28 ოქტომბერს აღმოვაჩინე ის რეალობა, რომ ისევ იქ ვართ, საიდანაც დავიწყეთ ბრძოლა 2012 წელს. ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში და სურდათ ამ ქვეყანაში არსებული ვითარება შეეცვალათ, ვერ გაართვეს თავი საქმეს ისე, როგორც ამას მათგან ამომრჩეველი ელოდებოდა. ნიჰილიზმის განცდა და დეპრესია, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, დამთრგუნველია. ჩემი გამოცდილებით შევძლებ ხელისუფლება უფრო მეტად ავამუშაო. მე ვიცი, როგორ უნდა მუშაობდეს სახელმწიფო სისტემა, როგორ უნდა მუშაობდეს ხელისუფლება და დღეს არსებული კანონმდებლობით, არის თუ არა შესაძლებელი ვითარება უკეთესობისკენ დღესვე შეიცვალოს. დღეს რომ ხელისუფლება ეფექტიანად მუშაობდეს, გაცილებით უკეთესი შედეგი იქნებოდა ქვეყანაში”, – განაცხადა სოფო ხორგუანმა “მთავარში“.

​​მთაწმინდის ოლქში დეპუტატის სავარძელი, მას შემდეგ გამოთავისუფლდა, რაც პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი. პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.

მსგავსი თემები