რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გამო, კანონმდებლობის გამკაცრებაზე საუბრობს

„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების  მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საუბარია კამპანიაზე, რომ რუსეთიდან დაძრული მოქალაქეები, რომლებიც უკრაინასთან ომის გამო რუსეთში დაწესებულ სანქციებს გამოექცნენ, ქვეყანაში არ უნდა შემოვუშვათ და ქონება არ უნდა მივყიდოთ.

როგორც კობახიძე აცხადებს, ამ მხრივ კანონმდებლობა გასამკაცრებელია.

„მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება.

აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს. თუმცა, კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ და მეტიც, გამორიცხული არაა, ამ პრობლემის შექმნა მათი განზრახვის შემადგენელი ნაწილიც იყოს.

საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს“ – აცხადებს კობახიძე.

„კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ“ – ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები