“უკრაინა 3 დღეში უნდა დამთავრებულიყო” – რუსი ტყვე 

 

უკრაინული მხარე ათეულობით ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, სადაც რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ტყვეებად ჩაბარდნენ, ყვებიან, რომ მათ არ იცოდნენ, რომ ომში მიდიოდნენ და მოატყუეს.

ერთ-ერთ ვიდეოში, თავის არეში დაჭრილი რუსი ტყვე ამბობს რომ პუტინს უკრაინა სამ დღეში უნდა დაესრულებინა.

“პუტინი უკრაინის აღებას სამ დღეში გეგმავდა. ვიცოდით, რომ გარკვეულ მარშრუტს გავივლიდით და 3 დღეში ისევ ბანაკში დაგვაბრუნებდნენ. გზაში კი საკვებსა და წყალს ვიღებდით, სულ 3 დღის მარაგი მოგვცეს. ჩვენ საბუთები არ გვაქვს, აქ წამოსვლამდე ტელეფონები და საბუთები ჩამოგვართვეს. ოჯახთან კავშირი არ გვქონია“ – ყვება ტყვე.

ის რუს ჯარისკაცებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ომი და დანებდნენ.

არსებობს სხვა ჩანაწერები, სადაც ტყვეებს საკუთარ ოჯახში არეკინებენ და ეუბნებიან რომ ტყვედ ჩავარდნენ. ოჯახიდან კი მეუღლის  პასუხი ისმის, რომ ეს ქვეყნის და ოჯახის დასაცავად მოხდა და ის უკრაინაში საკუთარი ქვეყნის დასაცავად წავიდა.

კიდევ ერთი სამხედრო დაზვერვის ოფიცერი ყვება, რომ ის ლუგანსკის დასაცავად მიდიოდა.

“სპეცდანიშნულების წევრი ვარ. გვითხრეს, რომ ლუგანსკისა და დონეცკის საზღვრების დასაცავად მივდიოდით. ეს ტერიტორიები დასაცავი იყო მას შემდეგ, რაც პუტინმა მათი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მე საომრად არ მოვდიოდი” – აცხადებს ტყვე.

დაჭრილ რუს ოფიცრებს სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს, ზოგს კი ოპერაცია დასჭირდა.

 

 

 

მსგავსი თემები