“დედა ენის” დაბრუნება სასიხარულოა, უნდა დაბრუნდნენ ქართველი კლასიკოსები – ილია II

​საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” დაბრუნებას სასიხარულო გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ კიდევ ბევრი სხვა ღონისძიებაა გასატარებელი იმისთვის, რომ ყმაწვილებში სამშობლოს სიყვარული გაღვივდეს და ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.

როგორც ილია მეორემ განაცხადა, პირველ რიგში, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლეების ეროვნული სულისკვეთებით აღზრდას; ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს გმირულ წარსულზე, აღნიშნული იყოს გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები. ხშირად მოეწყოს ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის გასაცნობად და რაც უმთავრესია, სკოლის სახელმძღვანელოებში დაბრუნდნენ ქართველი კლასიკოსი მწერლები.

ილია მეორე, ბავშვის აღზრდაში სკოლას და მთლიანად სახელმწიფოს განსაკუთრებულ როლს აკისრებს და აცხადებს, რომ განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო მომავალ თაობაზე, რათა შემდეგ მათ საყვედური არ გვითხრან, რომ არ დავეხმარეთ, გაცნობიერებული ნაბიჯები გადაედგათ თავისი ცხოვრების გზაზე.

“მე ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და ნაწილობრივ ვიცი ის პრობლემები, რის წინაშეც დღეს საჯარო სკოლა დგას”, – აცხადებს პატრიარქი და მეორე მხრივ დასძენს, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის, ამიტომ სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია.

“დღეს ხშირ შემთხვევაში დედ-მამა შვილს ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას; სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მშობელი ნაკლებად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რაც დაუშვებელია; სავალდებულო უნდა გახდეს პედაგოგებთან ხშირი შეხვედრა. მათ უნდა იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა და მასწავლებლებთან ერთად ყველაფერი გააკეთონ შვილთან მიმართებაში სწორი მიდგომების განსაზღვრისათვის“.

კათოლიკოს-პატრიარქი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზეც საუბრობს და განათლების სამინისტროს მთელი რიგი მიმართულებით რეფორმების გატარებას ურჩევს. კერძოდ, სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას, უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები. უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, “რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ”, – განაცხადა ილია მეორემ.

მისივე თქმით, სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულით გახარებისა, სიმართლის დაცვისა და მეგობრის ერთგულებისა, დაჩაგრულის თანადგომისა და სიკეთის ქმნისა.

“ამის განხორციელების შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოზარდებს მივეცით საშუალება ჯანსაღ თაობად აღზრდისა; შევთავაზეთ სიკეთე და სიცოცხლე, დანარჩენი კი მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული”, – ნათქვამია ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეში.

ფოტო: გიორგი აბდალაძე

მსგავსი თემები