„როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან?!“ – კახა კალაძე გარევაჭრობის წინააღმდეგ

„გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე გადაყვანის შემდეგ, თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას სხვა მოვაჭრეების მსგავსად, კანონით ნებადართულ სივრცეში, ცივილური ფორმით განაგრძობენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობის აკრძალვის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, კანონდარღვევასა და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, გარემოვაჭრეებს კი მუნიციპალიტეტის თუ ბაზრობის ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.

„მინდა, შევეხო გარე ვაჭრობის თემას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ კონკრეტულ სივრცეებში, სადაც ვაჭრობა დაშვებული არ არის, ეკონომიკური საქმიანობის წარმოება მოხდეს. ასეთი ფაქტი გვქონდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ბევრი წერილი მოდიოდა მოქალაქეების მხრიდან, რომ იმ ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელი იყო. პარალელურად, დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება, რომლის შედეგად, საფეხმავლო გზები მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა ჯებირები, რომ ფეხით გავლა უსაფრთხო იყოს. რაც შეეხება  გარემოვაჭრეებს,  რომელთაც ტროტუარები ჰქონდათ დაკავებული, მოხდა მათი გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმოდეს და არ ვხედავდეთ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს ქვეყანაში. ძალიან კარგად მესმის ყველას მდგომარეობა, ყველაფერს ვითვალისწინებ, მაგრამ გარევაჭრობა დაუშვებელია, რადგან დიდ დისკომფორტს უქმნის სხვა მოქალაქეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაუშვებელია, ყველა სახის პროდუქცია ერთად, გარე სივრცეში იყიდებოდეს.

„არავინ გიშლით ამ საქმიანობას, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან?! მათ არ უჭირთ?! ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისთვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ ოჯახებში?! რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან. კარგად ესმით, რომ არ შეიძლება გარეთ ვაჭრობა და ყველაფერი ერთად იყიდებოდეს – ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები – ყველი,  ხორცი. ეს ნორმალურია?! ამიტომ, ეს ვერ იქნება დაშვებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები