„ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია, ოპოზიციონერთა ნაწილი კი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მშენებლობის ნებართვა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, 2009 წელს არის გაცემული.

კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის დროს მეპატრონეებთან კომუნიკაცია მოხდა, თუმცა, მათ ისევ ძველი პროექტის განხორციელება განაგრძეს, რის შემდეგაც, მუნიციპალიტეტმა მშენებლობა შეაჩერა.

„ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხზე რამდენჯერმე ვისაუბრე. ისტორიულ ზონაში არასწორად იყო პროექტი განხორციელებული. მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, თუმცა, ჩვენ ამაზე თანხმობა არ მივეცით და დავიწყეთ მეპატრონეებთან კომუნიკაცია. მივიღეთ შესაბამისი პროექტი, რომელიც აბსოლუტურად ჯდებოდა არსებულ ურბანულ განვითარებაში, თუმცა, მშენებლობის დროს აღმოჩნდა, რომ ისინი ფაქტობრივად, იგივე პროექტს ახორციელებდნენ. რეაგირება მაშინვე მოვახდინეთ. უკანონობას ყოველთვის მოჰყვება კანონიერი რეაგირება, რათა კანონის ფარგლებში იყოს ყველაფერი მოქცეული. ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, მშენებლობა შეჩერებულია. ოპოზიციონერების ნაწილი კი საზოგადოებას არწმუნებს და აქვთ მცდელობა, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. კონკრეტულად ამას აკეთებს ლევან ხაბეიშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად. ეს ადამიანი ყოველთვის სიცრუით არის დაკავებული და ცდილობს, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ამაში არაერთხელ იქნა მხილებული. ყოველთვის სათანადო ადგილს მივუჩენთ ასეთი ქმედებების გამო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ობიექტის მესაკუთრესთან კიდევ ერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია და არქიტექტურის სამსახურში უკვე ახალი პროექტი აიტვირთა.

„აღნიშნული ობიექტის მესაკუთრესთან კომუნიკაცია არაერთხელ გვქონდა და საბოლოო ჯამში, მოხდა პოზიციების შეჩერება. გუშინ არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე აიტვირთა ახალი პროექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯერ განხილვის ეტაპზეა, მაგრამ კონცეპტუალური კონსენსუსი მიღწეულია. ზოგადად, როცა ჩვენ ასეთ ფაქტებს ვაწყდებით, ისეთ გადაწყვეტილებას არასდროს ვიღებთ, რაც ქალაქისთვის, საზოგადოებისთვის და ბიზნესსექტორისთვის დამაზიანებელი იქნება. ყოველთვის ვცდილობთ, მოხდეს საკითხების შეჯერება და გადაწყვეტილება მივიღოთ ისეთი, როგორიც ურბანული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე სასტუმროს ახალი პროექტის ფოტომასალა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ზედმეტი სართულის დემონტაჟი მოხდება.

„ახალი პროექტის მიხედვით, ზედმეტი სართულის დემონტაჟი მოხდება. ამ საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  საბჭო დამატებით იმსჯელებს. გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. 2017 წლიდან მოყოლებული ასე იყო, ასეა დღესაც და მომავალშიც ასე იქნება. სწორედ ამიტომ გვაქვს მე და ჩემს თანაგუნდელებს ამხელა მხარდაჭერა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ ნდობის ფარგლებში, რაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ გამოგვიცხადა, ღირსეულად ჩავამთავროთ ეს ვადა. ქალაქისთვის კი ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები