„როცა შურისძიება და სიბოროტე გაბრმავებს, ესეიგი, დამარცხებული ხარ“ – სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს

„მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი ეკა გულუა, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მიმართულ და ზოგადად აგრესიას ეხება.

“მტრობა, ჩაწიხვლა, შური, განადგურება – ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის ქართველებს, სამწუხაროდ. თითზე ჩამოსათვლელი წარმატებული ქართველები გვყავს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც საქართველოს სახეები, ელჩები არიან მსოფლიოში. გვასახელებენ, ეროვნულ დროშას აფრიალებენ, ყოველ გამარჯვებაზე საქართველოს ჰიმნს აჟღერებენ და მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავს. მაგრამ, აი, სწორედ ამ დროს იწყება რაც იწყება – მტრობა, არგახარება, ჩაწისვლა და ყველანაირი სიბინძურე.

სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს. როგორ შეიძლება ამდენი სიბინძურე და ნეგატივი. ასე როგორ შეიძლება ადამიანის გაწირვა. როგორ შეიძლება ყველანაირი სიბინძურე წამოუტივტივო ადამიანის იმისთვის, რომ გაანადგურო და შენ გაიხარო. შენც იბრძოლე, ისწავლე, განვითარდი, მიაღწიე – ასე “შეებრძოლე” სხვას, მაგრამ ამას რომ ვერ აკეთებ, სხვა გზას ვერ პოულობ!

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი საქმიანი მიწვევებით თუ მივლინებებით. ყოველთვის მიკვირდა და გაოცებული ვიყავი, როგორ ხვდებოდნენ ჩემთან ერთად მყოფ აზერბაიჯანელ თუ სომეხ კოლეგებს თავიანთი საელჩოები თუ დიასპორები და კითხვაზე: „თქვენები სად არიან“, პასუხი არასდროს მქონდა.

წარმატება გქონდეთ ყველას. ბოღმა, სიბინძურე და ძირის გამოთხრა საბოლოოდ ისევ თქვენ მოგიღებთ ბოლოს. როცა ადამიანს შურისძიება და სიბოროტე გაბრმავებს და გამოძრავებს, ესეიგი, დამარცხებული ხარ!” – წერს ეკა გულუა.

 

 

 

მსგავსი თემები