2018 წელს საქართველოს 8 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

პრემიერ -მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წელს, ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 შეადგინა, ხოლო ტურიზმის სექტორიდან 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ, რაც ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში.

მისი თქმით, მთავრობის მთელი ძალისხმევა ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისის მკვეთრად გაუმჯობესებისკენ უნდა მიმართონ.

„საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ადგილი მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე. ეს არის კარგი ტენდენცია, რაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. შემოსავალი ტურიზმის სექტორიდან 2018 წელს 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, რაც ასევე რეკორდულია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში. ეს არის ხელშესახები შედეგები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით.შესაბამისად, ეს სექტორი, ზრდის კვალდაკვალ, მომავალში კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობის მომტანი იქნება. ტურიზმის სექტორი გამორჩეულია იმით, რომ მასში აქტიურად ჩართვა შეუძლია ქვეყნის ყველა რეგიონს, ქალაქსა და სოფელს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევითი პორტალის – Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავაგაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა და რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო  ევროპაში მეორე ადგილზეა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ხედვა, რომ გახდეს რეგიონის ტურისტული, სატრანსპორტო და ინტელექტუალური ცენტრი. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ძალიან სასიხარულოა, რომ ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები და ტელევიზიები სულ უფრო ხშირად აშუქებენ საქართველოს, როგორც მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო ადგილს.

მსგავსი თემები