ეუთო/ოდირის დასკვნით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ნაჩქარევი და არაკონსტიტუციური იყო   

„ეუთო/ოდირის შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები“ – საქართველოს სახალხო დამცველმა დასკვნა გაასაჯაროვა რომელიც ეუთ/ოდირმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოადგინა.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები.

„2022 წლის 2 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონის შეფასების თხოვნით მიმართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ეუთო/ოდირს). გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, სამართლებრივი დასკვნის დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში წარმოდგენა ვითხოვეთ. 2022 წლის 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები და ასევე, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე. 2022 წლის 19 თებერვალს აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა გადავუგზავნეთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად“, – განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

მას იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის მოსაზრების  და შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას და შემდგომ არაკონსტიტუციურად ცნობს მას.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები. მათი შეფასებით, ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. ეუთო/ოდირის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა გარდაცვალების საქმეთა გამოძიებაზე, რადგან საფრთხე ექმნება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეფექტურობას და ასევე საგამოძიებო ორგანოს მანდატი ფართოვდება ისეთი დანაშაულებით (შესაბამისი ფინანსური რესურსის გაზრდის გარეშე), რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი ორგანოს ქვემდებარე აქამდე“ – აღნიშნა ლომჯარიამ.

რაც შეეხება ეუთო/ოდირის რეკომენდაიებს, ომჯარიას თქმით, შემდეგია:

·        აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა;

·        იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება, დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე;

·        ეუთო/ოდირი იზიარებს სახალხო დამცველის მრავალწლიან რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირებისა (გენერალური პროკურორის, შსს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის) და პროკურორების მიერ.

 

მსგავსი თემები