“აშშ-ს პასუხი რუსული აგრესიის წინააღმდეგ იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი”, – რაიან ჰარისი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან ჰარისმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიპლომატიურ მცდელობას და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი.

“ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ. იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოში აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი. ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციასა და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებენ. სამწუხაროდ, რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ – 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს”, – განაცხდა რაიან ჰარისმა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად კვლავ დიპლომატიური გზებით ცდილობს ამ კონფლიქტის მოგვარებას.

“რუსეთს ვთავაზობთ დეესკალაციის შანსს, მაგრამ არ ვთმოთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებასა და თვითგამორკვევას. რუსეთი აცხადებს, რომ ეძებს მშვიდობიან გამოსავალს, თუმცა რუსებმა ეს კონკრეტული მოქმედებით უნდა დაადასტუროს. უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ გზას მათი მომავლისკენ. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება. ამერიკა იდგება საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება”, – აღნიშნავს ელჩი

მსგავსი თემები