შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ხ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. შსს-ის ცნობით, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი”.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტები აღკვეთეს, 2 პირი დააკავეს და სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები -1991 წელს დაბადებული ა. ბ. და 2000 წელს დაბადებული ა. შ. ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით გათავსებული 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ალფა-პვპ” ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციამ, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1992 წელს დაბადებული ბ. ბ. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი” ამოიღო.

აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები