“ქალაქთან ახლოს 5 მაგნიტუდის მიწისძვრაც რომ მოხდეს, ძალიან მძიმე შედეგი იქნება” – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

„თბილისი უფრო საშუალო სეისმურობის ზონაა. საქართველოში აქტიური სეისმური ზონებია: კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილი, რაჭის მხარეს,  აღმოსავლეთი ნაწილი კახეთის მხარე, შემდეგ კი ჯავახეთი მოდის. თბილისისთვის სახიფათოა, როგორც საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა, ისე ახლომახლო კავკასიონზე ან აჭარა-თრიალეთის ქედზე მომხდარი მიწისძვრა“ – განაცხადა სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მისი შეფასებით, იმ სიმძლავრის მიწისძვრაზე ნაკლების კი თბილისში რომ მომხდარიყო, რაც რადენიმე დღის უკან სამებასთან მოხდა, უმძიმესი შედეგები გვექნებოდა.

„ხუთი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რომ მოხდეს თბილისთან  ან ნებისმიერ სხვა ქალაქთან ახლოს, ძალიან მძიმე შედეგები ექნება. 6-იანზე საერთოდ არაფერს ვამბობ. შეგვიძლია გავიხსენოთ  თბილისში 2002 წელს მომხდარი 4.5-იანი  მიწისძვრა, რომელმაც მსხვერპლიც გამოიწვია და 12 000 ათასამდე შენობაც დააზიანა.  უფრო მაღალი მაგნიტუდის მიწისძვრას კიდევ უფრო ცუდი შედეგები ექნება“ – აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

კითხვას, რამდენი მაგნიტუდაზეა გათვლილი თბილისი, სეისმოლოგა ასე გვიპასუხა:

„1992 წლამდე აშენებული შენობები 7 ბალზე იყო გათლილი, მის მერე აშენებულები უკვე რვა ბალზე უნდა იყოს გათვლილი. მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით, რომ არასწორად და უხარისხოდ აშენებული შენობა უფრო სუსტია სეისმოლოგიური თვალსაზრისით. ეს ზედამხედველობის სამსახურის მიერ უნდა მოწმდებოდეს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 5.0 მაგნიტუდაც კი თბილისისთვის საკმაოდ მძიმე იქნება“.

მსგავსი თემები