“თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას განაგრძობს” – კახა კალაძე

„დედაქალაქის ბიუჯეტიდან ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად წელიწადში 29 ათასიდან 60 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ პირებს, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80 და 50 პროცენტით.

„პროგრამის ფარგლებში ფინანსდება HER-2 დადებითი, ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ოთხი მილიონი ლარია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რითაც ამ საჭიროების მქონე ქალებს, მათ ოჯახებს ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდა და მათი უმეტესობა ქონების გაყიდვისა და სერიოზული საკრედიტო ვალდებულებებისგან იხსნა. აღსანიშნავია, რომ ერთი ამპულა მედიკამენტის ფასი 5000 ლარამდეა. რიგ შემთხვევაში კი, ერთი გადასხმის ჩასატარებლად ორი სხვადასხვა მედიკამენტის ერთობლივი ფასი 9 000 ლარს აჭარბებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები