საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაფიძის გულის ცენტრში

მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, რიგით 121-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები )

კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 30 ბენეფიციარს, განხორციელდა 71 ვიზიტი. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, დღეს, ჩაფიძის გულის ცენტრის 5 ექიმი და 5 თანამშრომელი ემსახურებოდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 121 საქველმოქმედო სამედიცინო აქციების ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურება 11 200 ბენეფიციარს გაუწიეს.

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

მსგავსი თემები