„14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი“ – ბარათაშვილის ხიდის Street Art -ი

თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც დედაქალაქის მერიამ  “ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის” ფარგლებში Street Art -ის მორიგი აქცია გამართა, გამოჩნდა გრაფიტი, რომელიც თავისი შინაარსით, ხორავას ქუჩის ტრაგედიას ეხმიანება.
გრაფიტზე განთავსებულია წარწერა: – „14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი“.

როგორც ნამუშევრის ავტორი ამბობს, გრაფიტი არ უკავშირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს, ეს არის სიუჟეტი ერთ-ერთი ამერიკული ფილმიდან.

” ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარეობს Street Art ფესტივალი, რომლის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრები ახორციელებენ საფეხმავლო სივრცის კედლების მოხატვას. პროექტის ორგანიზატორია საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაცია, მხარდამჭერია თბილისის მერია. ნამუშევრების შემოქმედებით მხარეს, პროექტის ესკიზების შექმნასა და განხორციელებას განსაზღვრავენ თავად მხატვრები და მისი შინაარსი თავისუფალია”, – განუცხადეს “მთავარს” თბილისის მერიაში.

 აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, 2 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი იმართება, რომლის ფარგლებშიც ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელის კედლების მოხატვასთან ერთად, სხვადასხვა სოციალური და კულტურული აქტივობები იმართება.

მსგავსი თემები