უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს – უკრაინის პოზიციები ძალიან ძლიერია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება იღებს ყველა ზომას რუსეთის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგოდ. უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებების და პარტნიორების დახმარების წყალობით, უკრაინამ კიდევ უფრო გააძლიერა სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უნარი.

“გუშინ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა, განხორციელდა უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და უკრაინის შემდგომი ქმედებების საფუძვლიანი ანალიზი”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოერიდონ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის სტაბილურობას და თესავს პანიკას.

“აშშ-სა და ევროკავშირის მიერ მკაცრი სანქციების პაკეტის მომზადების დასრულებით, იარაღის მიწოდებით და მაკროფინანსური დახმარებით ახლა ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძლიერი პოზიცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები