ბანკის შერჩევა, რომელიც პენსიონერებს ახალ პირობებს შესთავაზებს, 1 თვეში მოხდება

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებზე.  ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება“ – აცხადებს ეკონომიკის ახალი მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მისი შეფასებით, ბანკის შერჩევა ერთი თვის განმავლობაში მოხდება.

„კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც, ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას“ – აღნიშნა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ გაუმჯობესდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც ჩვენი პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ, ეს მომსახურება არ გაუარესებულიყო, პირიქით გაუმჯობესდეს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ახლა პოლიტიკურად იყო ძალიან დიდი ინტერესის საგანი, ეს იყო საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც იღებენ ჩვენი პენსიონერები იმ პენსიებით უზრუნველყოფილ სესხებზე. აქ ჩვენ მრავალდღიანი და მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებზე და ეს მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის და ვნახოთ, ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის განსაზღვრული, იქნება 26%. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა“-  –  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები