„თამბაქოსაგან გათავისუფლების პროცესი საქართველოში დაწყებულია და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს“ – დიმიტრი ხუნდაძე

თამბაქოსაგან გათავისუფლების პროცესი საქართველოში დაწყებულია და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ამის ლობისტი, რა თქმა უნდა იქნება, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და მე ამის ხმამაღლა გაცხადების ოპტიმიზმს მაძლევს ასევე საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება, რომ საზოგადოების მიმღებლობა ამ კუთხით არის ძალიან მაღალი“ –  აცხადებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

მისი შეფასებით, ნაკლები მწეველი და მეტი ჯანმრთელი მოქალაქე – ეს იმ ქვეყნის აუცილებელი პირობაა, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები.

მისი თქმით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი ერთ-ერთი წარმატებული და საჭირო პროექტია, რომელსაც უკვე მესამე მოწვევის პარლამენტი წარმატებით ახორციელებს და მისი იმპლემენტაციის გზაც არის წარმატებული, რაზეც დღეს წარმოდგენილი პროექტიც მეტყველებს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აქტიური და პოზიტიური ჩართულობის გარეშე ეს პროცესი ასე სწრაფად და პოზიტიურად ვერ წარიმართებოდა. მან მადლობა გადაუხადა ყველა მხარეს პროცესებში აქტიური მონაწილეობისათვის, რაც იმის იმედს იძლევა, რომ თამბაქოს ზიანი ქვეყანაში მაქსიმალურად იქნება შემცირებული.

საკითხზე „თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვა – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავების შუალედური ანგარიში, პრობლემები, გამოწვევები, სიტუაციური მიმოხილვა“ სხდომაზე  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

 

მსგავსი თემები