თუ კანონდამრღვევი სამართლებრივ აქტს არ ჩაიბარებს, აღსრულების პროცესი არ შეჩერდება   

„მივმართავთ პარლამენტს ინიციატივით, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობამ აღსრულების პროცესი აღარ შეაფერხოს“ – ეს განცხადება თბილისის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისის მერია აღსრულების  ეფექტიანობის გაუმჯობესებას პარლამენტის დახმარებით გეგმავს. საუბარია იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ჩაბარების მექანიზმის სრულყოფაზე, რათა არაკეთილსინდისიერმა მშენებელმა გადაწყვეტილების ჩაუბარებლობით არ შეაფერხოს აღსრულების პროცესი.

„ბოლო თვეების განმავლობაში გვაქვს ერთი პრობლემა – მშენებლები, რომლებიც უკანონო საქმიანობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ. კერძოდ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია არ იბარებს მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ან არ ხდება ვადების ათვლა. შესაბამისად, მინდა მივმართო ინიციატივით პარლამენტს, რათა იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებების შემთხვევაშიც გამოვიყენოთ ის მოდელი, რომელიც გამოიყენება მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის განთავსება მოხდეს ობიექტზე და ის ჩაითვალოს გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა ვეღარ შეაფერხებს აღსრულების პროცესს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

მსგავსი თემები