გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნებისთვის დაქირავებული დამკვირვებლები მოატყუა

​საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს ჩატარდა, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაქირავებული დამკვირვებელი ირაკლი ბახტაძე აცხადებს, რომ თანხა, რომელიც გაწეული შრომისთვის პარტიას უნდა გადაეხადა, დღემდე არ მიუღია.

როგორც ​ირაკლი ბახტაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დამკვირვებლებს, რომლებიც პირველ ტურშიც მონაწილეობდნენ, დაპირებული 120 ლარის ნაცვლად, 80 ლარი გადაუხადა.

“ზუგდიდში N105-ე უბანზე ვიყავი დამკვირვებელად. მე სტუდენტს, რომელსაც დედაქალაქიდან რეგიონში მომიწია ჩასვლა ჩემივე ფინანსებით, ახლა მეუბნებიან, რომ ჩემი გაწეული შრომა უსასყიდლო იყო. დიახ, ეს იმ “ოპოზიციის” ხალხია, რომლებსაც ხელისუფლებაში უნდოდათ მოსვლა, ეს ის ადამიანები არინ, რომლებიც უკეთეს საქართველოს გვპირდებოდნენ. სამწუხაროა, რომ არჩევნებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ დავავიწყდით! შეთანხმება იყო 120 ლარი, რომელიც 10 სამუშაო დღეში უნდა მოეცათ”, – აცხადებს ირაკლი ბახტაძე.

​მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს მიმართა, თუმცა იქ განუმარტეს, რომ გაწეული სამუშაოსთვის ანაზღაურების მისაღებად სავალდებულო იყო, არჩევნების პირველ ტურშიც ყოფილიყო დამკვირვებლად.

“ჩემთვის არ უთქვამთ რომ სავალდებულო იყო პირველ ტურშიც მონაწილება, ეს ახლა, როდესაც თანხაზე მიდგა საქმე, მაშინ მოაფიქრდათ. მე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამკვირვებელი არ ვიყავი და მხოლოდ მეორე ტურისთვის დამიქირავეს,” – აცხადებს ირაკლი ბახტაძე.

​მისივე თქმით, დამქირავებლები, რომლებთანაც კომუნიკაცია ჰქონდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ანი წითლაძე და თემურ ბასილაია არიან.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გაიმართა. ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” უჭერდა, ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი 16 დეკემბერს, ქალაქ თელავში, მეფე ერეკლე მეორის სასახლის ეზოში გაიმართა.

მსგავსი თემები