სახელმწიფო ინსპექტორი მიხეილ სააკაშვილს უარს ეუბნება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხეილ სააკაშვილის წერილს პასუხობს. როგორც ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, მოთხოვნა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აყენებს, ვერ დაკმაყოფილდება.

მიხეილ სააკაშილი ლონდა თოლორაიას მოუწოდებდა გაესაჯაროვებინა სრული ვიდეომასალა, რომელიც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ეხებოდა.

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე მკაცრად განსაზღვრულია. მით, უფრო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც არ არის დასრულებული გამოძიება და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები.

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აქვთ საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი. მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი. სამსახური, აქტიურ კოორდინაციაში რჩება ადვოკატებთან და გააგრძელებს მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას“, – აცხადებენ სამსახურში.

მსგავსი თემები