მთავრობის ადმინისტრაციასთან ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების თაობაზე გაცემული ლიცენზიები გაუქმდეს.

მოძრაობა „შქმერისთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, თორნიკე თუთბერიძის განმარტებით, მათი პროტესტი მშვიდობიანია და საკითხის მოგვარებას სამართლებრივი კუთხითაც ითხოვენ.

“დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი არის ის, რომ წარმოვაჩინოთ რიგი ცდომილებები, რაც სოფელ შქმერთან მიმართებით წიაღის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არის. ასევე პროცესში ჩართული არიან სხვადასხვა სააგენტოები, რომლებმაც გაყალბებულად გასცეს კომპანიებზე ლიცენზიები ხალხის მოტყუებით და მათი ჩართულობის გარეშე, ფაქტობრივად ისეთი საქმე გააკეთეს, რომელსაც შეგვიძლია “შავ-ბნელი საქმე” თამამად ვუწოდოთ. ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდობიანად ვაპროტესტებთ, როგორც სამოქალქო აქტივიზმის, ასევე სამართლებრივი კუთხით. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა იმ ლიცენზიების გაუქმება, რომელიც გაიცა”,- განაცხადა თორნიკე თუთბერიძემ.

მსგავსი თემები