ამირან გამყრელიძე: “თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პიკში ვართ”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება პიკშია. იმაზე მსჯელობა, წავა თუ არა პანდემია დაღმავალი ფაზისკენ, რამდენიმე დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

“გარკვეულწილად პიკში ვართ. პლატოს რომ ეძახიან, ამ ტიპის მაჩვენებლები გვაქვს. ბოლო ერთ კვირაზე მეტია ინფიცირების დღიური რაოდენობა 18-24 ათასის ფარგლებში მერყეობს.ვფიქრობ, სიკვდილიანობაც თანდათან უნდა შემცირდეს, რამეთუ დღეს 208 745 აქტიური შემთხვევა იყო, აქედან 5 840 არის სტაციონარებში და არ იმატებს მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა – 900-დან 1100-ის ფარგებში მერყეობს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მომდევნო დღეები გვანახებს, თუ რა მდგომარეობა იქნება სამომავლოდ პანდემიის დაღმასვლის კუთხით.

“დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა პანდემია, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რა მონაცემები გვექნება სამშაბათს და ოთხშაბათს. არ იზრდება რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება. ზოგადადაც აქტიური შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაციის საჭიროების პროცენტული მაჩვენებელი სერიოზულადაა შემცირებული – 3%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონი“ „დელტასთან“ შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები